ნიკოს ბავშვობა


ნიკო ფიროსამნიშვილი დაიბადა ქიზიყის სოფელ მირზაანში (სიღნაღის მაზრა, ახლანდელი დედოფლისწყაროს რაიონი) გლეხის ოჯახში. მისი დაბადების თარიღი საბოლოოდ დადგენილი არ არის, ყველაზე უფრო ხშირად ასეთად 1862 წელი მიაჩნიათ. ნიკოს ბავშვობა, სოფლელი ბავშვების ცხოვრებისგან არაფერით გამოირჩეოდა. მეზობელ ბიჭებთან ყაჩაღობანას თამაშობდა ისმენდა ზღაპრებსა, ლეგენდებს, მოხუცების საუბარს საქართველოს ისტორიაზე, ომებზე. მამას ვენახში წყალს მიურბენინებდა, ხან კი საძოვარზე გარეკავდა საქონელს. ასლანსა და თეკლეს თავს ერჩივნათ პატარა ბიჭი. ის ხომ ოჯახის მემკვიდრე იყო. ასლანის კარმიდამო გორაკზე იყო. ნიკო გადადგებოდა ხოლმე გორაკზე და ტკბებოდა ბუნების სილამაზით, მუხისა და კაკლის ტყეების, ზვრებისა და ყანების ცქერით. მუხლის გამართვაც ვერ მოასწრო ნიკომ, რვა წლისას მამა გამოეცალა ხელიდან. ოჯახს შავი დღე გაუთენდა. ასლანის ბიძაშვილმა, ნინიკა ფიროსმანიშვილმა ნიკო თავისთან წაიყვანა. ნინიკას ბევრი ცხვარ-ძროხა ჰყავდა, ნიკოს ხბორების წყემსვა დაევალა. სამწყემსურში მყოფი თვალს ადევნებდა სალოცავად გამოსულ ჩარდახიან ურმებს, ყურს უგდებდა მირზააანის ეკლესიის ზარების გუგუნს და კითხულობდა პატარა ბიჭი ცხოვრების დიდ წიგნს. მშობლიური ბუნების სიყვარულმა და სოფლის ტრადიციებმა ისე მძლავრად გაიდგა ფესვები ნიკოს მახსოვრობაში, რომ ბავშვობის შთაბეჭდილებები სიკვდილამდე თან გაჰყვა.